ტულე გერმანული პოლიტიკურ-ოკულტური საზოგადოება შეიქმნა მიუნჰენში, 1918 წლის იანვარში, მეორე ვერსიით კი 1918 წლის 17 აგვისტოს (ბედის ირონიით, შემდგომში ტულეს აქტიურმა წევრმა და ფაშიზმის ერთ-ერთმა იდეოლოგმა რუდოლფ ჰესმა 93 წლის ასაკში სწორედ 17 აგვისტოს მოიკლა თავი).
მისი დამფუძნებელი იყო გერმანელი ოკულტისტი ბარონ ჰენრიხ ფონ ზაბოტენდორფი (ნამდვილი სახელი და გვარი რუდოლფ გლაუერი). ამ საზოგადოების სრული სახელწოდება იყო "გერმანული ტრადიციების შემსწავლელი ჯგუფი". ეს იყო პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მასონური ლოჟის მიერ დაარსებული გასამხედროებული ორდენი.
სახელწოდება ტულე ზაბოტენდორფმა აიღო ანტიკური ბერძენი გეოგრაფისგან პითეას მასილიელისგან (ჩვ. წ. აღ-მდე 4 საუკუნე), რომელიც თავის ნაშრომებში აღწერა ტულე, როგორც უკიდურეს ჩრდილოეთში არსებული კუნძული (თუმცა მისი არსებობა რასაკვირველია შემდგომში არ დადასტურდა. ისევე როგორც ტულეს სხვა ანალოგის – ჰიპერბოერას არსებობა).
ტულე გაჟღენთილი იყო ძველგერმანული ლიტერატურული ცოდნით, ოკულტიზმითა და რუნების სიმბოლიკით. მისი წევრებისთვის დამახასიათებელი იყო უკიდურესი ნაციონალიზმი, ანტისემიტიზმი და რასობრივი მისტიციზმი.
ამ საზოგადოების მხოლოდ მიუნჰენის ფილიალში გაერთიანებული იყო 250 ადამიანი, ხოლო მთელს ბავარიის ოლქში 1500 ადამიანზე მეტი და მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, მწერლები, პოეტები, ლექტორები, არმიის ოფიცრები. და ა. შ. საინტერესოა, რომ ამ საზოგადოებაში ასევე გაერთიანებულები იყვნენ შემდგომში ცნობილი ფაშისტები და ფაშიზმის იდეოლოგები რუდოლფ ჰესი და ალფრედ როზენბგერი და თვით ადოლფ ჰიტლერი.
ტულეში გაერთიანებული ადამიანების იდეოლოგია ემყარებოდა გერმანული რასის უპირატესობას და გამორჩეულობას, ანტისემიტიზმსა და პანგერმანული სახელმწიფოს შექმნას, რომელიც შემდგომში იგივე ადოლფ ჰიტლერისთვის შთაგონების წყარო გახდა.
ისევე როგორც იმდროინდელ სხვა გერმანულ საზოგადოებასა და ორდენში ტულეც აქტიურად იყენებდა მისტიკურ სიმბოლიკებს. მათ შორის, აუცილებლად უნდა აღინიშნოს სვასტიკა, რომელიც შემოდგომში ფაშისტების მთავარ სიმბოლოდ იქცა.
სიტყვა სვასტიკა სანსკრიტზე (ძველინდური ენა) ერთი ვარიანტით "მისალმებას" ნიშნავს, მეორე ვარიანტით "წარმატების ნდომას", კიდევ სხვა ვარიანტით კი "კეთილად მყოფადს". სვასტიკა როგორც გრაფიკული სიმბოლო საკმაოდ "ასაკოვანია", იგი ჩვ. წ. აღ-მდე IV-III ათასწლეულებში წარმოიშვა.
სვასტიკა სხვა და სხვა ხალხში იყო დროის, სიცოცხლის, მზის, სინათლის და კეთილდღეობის სიმბოლო. უდიდესი დატვირთვა ჰქონდა სვასტიკას ინდოეთში. ჯერ კიდევ ჰარაფას კულტურის დროს (ძვ. წ. III-II ათასწლეულები) გხვდება. სვასტიკამ ახალი დანიშნულება შეიძინა ინდოეთში ბუდიზმის გავრცელების შემდეგ. შუმერში სვასტიკა ქალღმერთ ინანას უკავშირდებოდა, ძველ ეგვიპტეში სვასტიკა მზის სიმბოლო იყო და შემდგომში ოსირისის სიმბოლოდ იქცა, ამასთან მისი ტარება მხოლოდ ქურუმებს ჰქონდათ, ბაბილონში იგი ქალღმერთ იშთარის სიმბოლო იყო, ძველ საბერძნეთსა და რომში იგი ნაყოფიერებას ნიშნავდა, ხოლო ეტრუსკულ სამყაროში კი მას მეომრები იხატავდნენ, ჩინეთში სვასტიკა ქალური ენერგიის საწყისის, `ინ~-ის იდეოგრამა იყო, სკანდინავიაში იგი ღმერთ თორის სიმბოლო იყო, ამერიკელ ინდიელებში კი სიცოცხლის სიმბოლო იყო.
სვასტიკა საკუთარ სიმბოლოდ აიღეს ნაცისტებმა, თუმცა მანამდე იგი გერმანული ოკულტური ორგანიზაციის "ტულეს საზოგადოების" ემბლემა იყო (არსებობს მოსაზრება, რომ "ტულეს" შემქმნელებს ბარონ ჰენრიხ ფონ ზაბოტენდორფსა და კარლ კლაუს ჰოფერს ემბლემად სვასტიკას გამოყენება გიორგი გურჯიევმა ურჩია).
საინტერესოა, რომ სვასტიკა როგორც სიმბოლო ქართულ ასომთავრულ ანბანშიც გხვდება – ქან-ის (卐) სახით. თუმცა ძველ საქართველოში უფრო ხშირად გხვდება სვასტიკა რკალური ფრთებით და მას ბორჯღალს უწოდებდნენ.
ტულეს შექმნელი ჰენრიხ ფონ ზაბოტენდორფი დიდი ორგანიზებულებითა და ოკულტური ცოდნით არ გამოირჩეოდა, ამიტომ, საზოგადოების მართვა, მისი ურთიერთობა ნაციონალ-სოციალისტური გერმანელ მუშათა (ფაშისტურ) პარტიასთან თავის თავზე აიღო დიტრიხ ეკარტმა, რომელსაც ადოლფ ჰიტლერი თავის ნაშრომში "მაინ კამფ" ("ჩემი ბრძოლა") რამდენიმეჯერ იხსენიებს. ეკარტმა კიდევ უფრო შორს განავრცო და დახვეწა ტულეს გეგმები, იდეოლოგია და მიზნები (იგივე მითი არიული რასის შესახებ!).
სხვათა შორის სწორედ ეკარტი დაუპირისპირდა ცნობილ ავსტრიელ, ეროვნებით გერმანელ მწერალ-მისტიკოსს, ანტროფოსოფს რუდოლფ შტაინერს, რადგან მისი კაცთმოყვარეობა და ჰუმანიზმი არ მოსდიოდა თვალში. ტულეს და საერთოდ ფაშიზმის მომძლავრების გამო ისევე როგორც ბევრმა სხვა გერმანელმა საზოგადო მოღვაწემ, შტაინერმაც დატოვა გერმანია. იგი შვეიცარიაში გადაცხოვრდა (არსებობს ვერსია, ანტროფოსოფების რეზიდენცია, ხის ტაძარი "გოეთეანუმი" ბაზელთან ახლოს, სწორედ ტულეს წევრებმა დაწვეს).
აღსანიშნავია, რომ რომ ჰიტლერის გერმანიის სათავეში მოსვლის შემდეგ ტულე როგორც საზოგადოება აკრძალული იქნა, ხოლოდ მისი შემქმნელი ჰენრიხ ფონ ზაბოტენდორფი, რომელმაც დაწერა წიგნი "ჰიტლერის მოსვლამდე" დააპატიმრეს, ხოლო წიგნის ყველა ტირაჟი გაანადგურეს.
სიტყვა "ტულე" თანამედროვე ცხოვრებაში უკვე საიდუმლო ორგანიზაციას უკავშირდება და ამ სიტყვა პოპ-კულტურაში ფართოდ იყენებენ. ორგანიზაცია ტულე ხშირად ფიგურირებს ფანტასტიკურ თუ საშინელებათა მხატვრულ, მულტიპლიკაციურ ფილმებში, მუსიკალურ პროექტებში და ლიტერატურულ ნაწარმოებში.
No comments:
Post a Comment