ვერძი – 2010 წელიწადი თქვენთვის, საერთო ჯამში პოზიტიური იქნება. გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები. შეეცადეთ, გაიღრმავოთ ცოდნა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, შეიცვალოთ იმიჯი და საჭიროების შემთხვევაში – პროფესიაც კი... ეს წელი ასევე პოზიტიურია გამოცდილების დაგროვებისა და უკვე დაგროვილი გამოცდილების გამოსაყენებლად. სასურველია დროულად დაანებოთ თავი მოძველებულ იდეებსა და არარეალურ მიზნებს. ამასთანავე, გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, ამ წელს თქვენი წარმატებული საქმიანობის ძირითადი საყრდენი თქვენი ოჯახი, ოჯახური ტრადიციები, თქვენი ოჯახის წევრთა რჩევები და მათი უანგარო დახმარება იქნება. (შეეცადეთ, ოჯახის წევრთა და ნათესავების მიმართ გულისხმიერი იყოთ და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროთ). წლის პირველ ნახევარში პრობლემური იქნება ის საქმეები, რომლებიც რადიკალურ და იძულებით ცვლილებებს მოითხოვს. შესაძლოა, მოგიწიოთ ბრძოლა და კონკურენტუნარიანობის გამოვლენა, შეცვლილ სივრცეში თავის დასამკვიდრებლად. წლის მეორე ნახევარში შეეცადეთ, პრობლემები გლობალურ ჭრილში დაინახოთ. მოსალოდნელია ცვლილებები სამსახურში, პირად ცხოვრებაში.
კურო – თუ არ იზარმაცებთ და საქმიან ურთიერთობაში ენერგიულობასა და თავდაჯერებულობას გამოავლენთ, თქვენი მიზნები ეტაპობრივად ასრულდება. დახვეწეთ პირადი ურთიერთობები, საქმიანი კავშირები და მეტყველებაც კი. შეეცადეთ, არავის არაფერი დაჰპირდეთ, წინდაწინ ნუ გაამჟღავნებთ საქმიან ინფორმაციასა და გეგმებს, რადგან შესაძლოა, პროექტები ჩაგეფუშოთ. შეეცადეთ, მხოლოდ ინფორმაციის დაგროვებაზე კი არა, პრაქტიკულ გამოყენებაზეც იფიქროთ. წლის მეორე ნახევარში წარმატებას მიაღწევთ იმ საქმეში, რომელიც უცხოეთში გამგზავრებასა და მოგზაურობასთან იქნება დაკავშირებული. შემოდგომაზე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწევთ, თუ თქვენი საქმე დისერტაციის დაცვას, განათლების მიღებას და ხელოვნებას (განსაკუთრებით ლიტერატურას) ეხება. ამ პერიოდში მოიმატებს ოჯახური ბიზნესის წამოწყების ალბათობაც. ამ წლის ნეგატიური ტენდენციებიდან ტყუილი და ღალატი, რასაც თავი უნდა აარიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი გეგმების უმეტესობა მარცხით დასრულდება. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული, გავლენიან ადამიანებთან დაპირისპირება, ამით რეპუტაცია შეგელახებათ.
ტყუპი – ეს წელიწადი პიროვნული ზრდის, შინაგანი ტრანსფორმაციის, მატერიალური გამოცდილებისა და სულიერი სიმდიდრის დაგროვების პერიოდია. შესაძლოა, წარსულის ანალიზისა და ურთიერთობების გადაფასების მძაფრი სურვილი გაგიჩნდეთ. ნუ დაგეზარებათ შრომა, რადგან ეს აქტიური მოქმედების პერიოდია, წლის პირველ ნახევარში თქვენ მიერ გაწეული შრომა, მეორე ნახევარში აუცილებლად დაფასდება. არ არის გამორიცხული, ამ რადიკალური და ფატალური ცვლილებებიც კი მოხდეს, ამიტომ, მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვის მზად უნდა იყოთ. წლის მეორე ნახევარში მოერიდეთ ილუზიური იდეების რეალიზაციას, რადგან ფუჭ მცდელობას საკმაო ენერგიას, დროსა და ფული შეალევთ. გადამწყვეტი მოქმედების წინ წინდახედულობა გამოიჩინეთ. წლის ბოლოს განვითარებული მოვლენები თქვენგან მოხერხებულობისა და პროფესიონალიზმის გამოვლენას მოითხოვენ, ამ პერიოდში აუცილებელი შეიქნება გადადებული საქმეების დასრულება.
კირჩხიბი – მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საქმიანობის შემზღუდველი ფაქტორები მთელი წლის მანძილზე თავს შეგახსენებთ, მაინც შეძლებთ ხელსაყრელი პოზიციის დაკავებას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. წლის პირველ ნახევარში შეეცადეთ, მაქსიმალურად დათრგუნოთ ხასიათის ნეგატიური ნიშან-თვისებები. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ოჯახში, არამედ, საერთოდ, გარშემომყოფებთან სათანადო სიმაღლეზე იყოთ და თქვენი ღირსებები წინ წამოსწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარ სიტუაციებსა და უთანხმოებას, რაც შეიძლება პარტნიორ(ებ)თან განშორების ან საზოგადოებიდან გარიყვის მნიშვნელოვანი იმპულსი გახდეს. წლის მეორე ნახევარში მოგეცემათ საშუალება, გააანალიზოთ პირადი ცხოვრება, თუ დასახული მიზნები სხვა თვალით დაინახოთ, რაც დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ. თქვენი საქმე მხოლოდ პარტნიორებს არ მიანდოთ ან მხოლოდ მათი ძალისხმევით არ შეეცადოთ ფონს გასვლას, მაქსიმალურად მოერიდეთ კრედიტებისა და სესხების აღებას, რადგან შესაძლოა დამატებითი პრობლემები შეგექმნათ.
ლომი – მოგიწევთ ადრე დაწყებული პროექტების დასრულება და ურთიერთობის გადახედვა. ამ წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ოჯახურ და სამსახურებრივ საკითხებს შორის დროისა და ენერგიის გადანაწილება. შეეცადეთ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იკისროთ და უფრო მეტი ინიციატივა გამოავლინოთ. წლის პირველ ნახევარში პრობლემებს შეგიქმნით იმპულსურად დაწყებული ურთიერთობა. ყურადღება გამოიჩინეთ ახალი პარტნიორების მიმართ და მათ ნდობას სწრაფად ნუ გამოუცხადებთ. შეეცადეთ, უარი თქვათ საკუთარი ძალაუფლებითა და თავისუფლების შეგრძნებით ტკბობაზე, მეტისმეტ ექსტრავაგანტურობაზე, ასევე უარი თქვით საეჭვო ურთიერთობებზე, ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ამ წელს რისკის გაწევა მართებულია, თუმცა ფინანსური რისკები მინიმუმამდე შეამცირეთ. თუ წლის პირველ ნახევარს მნიშვნელოვანი შეცდომების გარეშე გაივლით, წლის მეორე ნახევარში მოვლენები პოზიტიურად განვითარდება.
ქალწული – 2010 წელიწადი თქვენთვის ცვლილებების პერიოდი იქნება. ეს ცვლილებები შეიძლება შეეხოს როგორც თქვენს გარეგნობასა და რეპუტაციას, ისე სამუშაო ან საცხოვრებელ ადგილს. მდგომარეობის რეალურად დანახვა, როგორც არასდროს, ახლა გამოგადგებათ. წლის პირველი ნახევარი საკმაოდ დატვირთული იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული, რამდენადმე უიღბლო აღმოჩნდეს (განსაკუთრებით სექტემბერში დაბადებულთათვის, ამიტომ, ახალი და რისკიანი საქმეების წამოწყება სასურველი არ არის. ეს წელი ასევე დატვირთული იქნება ახლობელ ადამიანებზე ზრუნვით, სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ სამხედრო ან გასამხედროებულ სფეროში მუშაობთ. სამუშაო ადგილი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიცვალეთ, თუ ახალი სამსახურის სტაბილურობაში დარწმუნებული იქნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემების წინაშე დადგებით. წლის მეორე ნახევარი შედარებით სასიკეთო იქნება _ თავს დააღწევთ კრიზისულ სიტუაციას, ჯამში, ვეფხვის წელიწადი თქვენთვის არსებული მდგომარეობის გამოსწორების, გამოცდილების დაგროვებისა და მნიშვნელოვანი, უმეტესად პოზიტიური ცვლილებების წელი იქნება
სასწორი – წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით ოჯახურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმეში. არ არის გამორიცხული, ან გაწეული შრომის სანაცვლოდ დამსახურებული ფინანსური ანაზღაურება მიიღოთ. კარიერაში წინსვლის მიუხედავად, შეეცადეთ, რადიკალური ცვლილებები არ წამოიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაბრკოლებები გაჩნდეს საქმიან და პირად ურთიერთობაში და შეილახოს თქვენი რეპუტაცია. ზოგი სასწორისთვის წლის პირველი ნახევარი დაუვიწყარი იქნება ახალი სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობების გამო, თუმცა ნუ გადააჭარბებთ და სამსახურსა და პირად ცხოვრებას ერთმანეთში ნუ აურევთ. წლის მეორე ნახევარში მოიმატებს აზარტულობა და იოლი შემოსავლების მიღების სურვილი, ამიტომ მოერიდეთ აზარტულ თამაშებს და საეჭვო გარიგებებს, უკანონო მოქმედებებს, ნუ ენდობით ახალგაცნობილ ადამიანებს, გაუგებრობაში რომ არ აღმოჩნდეთ და ფინანსურად არ დაზარალდეთ. დასახული მიზნებისკენ სვლაში კოლეგები და მეგობრები დაგეხმარებიან, ამიტომ, მათი რჩევა შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ.
მორიელი – თქვენთვის 2010 წელი არა მხოლოდ წინა წლებში მიღწეული შედეგების შეჯამების და დაშვებული შეცდომების ანალიზის, არამედ ამ შეცდომების გამოსწორების, აქტიური და რისკიანი მოქმედების პერიოდი იქნება. წლის პირველ ნახევარში საშუალება მოგეცემათ, მიიღოთ საჭირო ინფორმაცია და აიმაღლოთ კვალიფიკაცია. სამსახურებრივ საქმეში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები, შეიძლება სამსახურებრივი წინსვლის ან, საერთოდ, სამუშაო ადგილის შეცვლის შანსი გაგიჩნდეთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თქვენი ავტორიტეტი ამაღლდება, თუმცა როგორც ოჯახში, ისე სამსახურში სხვებისთვის ჭკუის სწავლებას მოერიდეთ და გარშემომყოფებისგან თქვენი აზრის ბრმად დამორჩილებას ნუ მოითხოვთ. ეს აგრესიის ალბათობას გააჩენს. წლის მეორე ნახევარში მოიმატებს მოგზაურობის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, ასევე სახლში ინტერიერის შეცვლის ალბათობა. ამ წელს საკმაოდ რეალური შანსი გაგიჩნდებათ, რომ ცხოვრება პოზიტიურად შეცვალოთ. "ცივი გონებით" მოქმედება, ლოგიკურობა, თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფვა – აი, თვისებები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი – 2010 წელი თქვენთვის გამორჩეული იქნება დიდი გარეგანი რყევებით, შინაგანი გარდატეხებითა და ოჯახური და სამსახურებრივი ცვლილებებით. ეს პერიოდი, გარკვეულწილად, კარმულიც იქნება, ამიტომ მოსალოდნელია წინა წლებში დაგროვილმა გადაუჭრელმა პრობლემებმა ახლა იჩინოს თავი. წლის პირველ ნახევარში მოგიწევთ მიზანმიმართული შრომა, საქმიანი თუ პირადი სახის შეხვედრები, მოლაპარაკებები, ახალი პარტნიორების მოძიება და ძველ პარტნიორებთან შეთანხმება, რათა მიიღოთ მორალური თუ ფინანსური მხარდაჭერა, რაც თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება. გახსოვდეთ, რომ ამ წელს მარტოს გაგიჭირდებათ წინაღობების გადალახვა. კატეგორიულად მოერიდეთ გარშემომყოფებთან დაპირისპირებას, შეეცადეთ, დაძაბულ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან თქვენი მხრიდან გამოვლენილი სიჯიუტე, უხეშობა და აგრესია კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას. წლის მეორე ნახევარში სასურველი შედეგის მიღწევისთვის აუცილებელი იქნება თვითკრიტიკულობა, რაც გაგიადვილებთ შეცდომების გაანალიზებას და თავიდან აგაცილებთ პარტნიორებთან განხეთქილებას. შეამცირებს. ურთიერთობებში იყავით ლოგიკური, დისციპლინირებული და პატივი ეცით ასაკით უფროს ადამიანებს. ფინანსურ საკითხებში კი ყურადღება და წინდახედულობა გამოიჩინეთ.
თხის რქა – 2010 წელს გეგმებისა და ურთიერთობების კრიტიკულად გადახედვა და ცვლილებების განხორციელება მოგიწევთ. წლის პირველ ნახევარში სასიამოვნო მანერების, კომპრომისებზე წასვლის უნარის, სიმშვიდისა და რაც მთავარია, პროფესიონალიზმის ხარჯზე თქვენი პოპულარობა და წინსვლის შანსი ერთი-ორად მოიმატებს. შეეცადეთ, ამ წელს უყურადღებოდ არ დაგრჩეთ ოჯახთან დაკავშირებული საკითხებიც. წლის მეორე ნახევარში გაიზრდება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ალბათობა. ამ პერიოდში ასევე შესაძლებელი გახდება ფინანსებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. მოსალოდნელია, გამოჩნდნენ ახალი საქმიანი პარტნიორები და წინსვლის საკმაოდ ორიგინალური შანსებიც გაგიჩნდეთ, რაც ხელს შეგიწყობთ საკუთარი შესაძლებლობების უკეთესად გამოვლენასა და რეალიზებაში. ამ პერიოდში შეძლებთ დაგროვილი პრობლემების მოგვარებასაც, ეს შეეხება პირად ცხოვრებას, ოჯახთან ერთად სადმე გამგზავრებასა და ემიგრაციას.
მერწყული – 2010 წლის განმავლობაში მოგიწევთ საკმაოდ მძიმე შრომა (როგორც ინტელექტუალური, ისე ფიზიკური), წინა წლებში დაწყებული პროექტები სასიკეთოდ რომ დაასრულოთ. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა მოგიწიოთ ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის განახლება. ეს წელიწადი პოზიტიურია სამსახურში დაწინაურებისთვის და პროექტების მხარდამჭერებისა თუ სპონსორების მოძიებისთვის. ცხადია, ეს საკმაოდ პოზიტიურად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. წლის მეორე ნახევარში გაჩნდება თქვენი იდეების რეალიზების რეალური შანსი, თქვენი სულიერი ზრდა და ტრანსფორმაცია ახალ ეტაპზე გადავა, გათავისუფლდებით ეგოიზმისა და ილუზიებისგან, რაც ახალი და მეტად სასიკეთო ურთიერთობების დაწყების საწინდარი გახდება. ამ პერიოდში როგორც საქმიანი, ისე პირადი სახის ინფორმაციის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, შეეცადეთ, მოვლენების ანალიზთან ერთად საკუთარ ინტუიციასაც დაეყრდნოთ ხოლმე. თავი შეიკავოთ რადიკალური ცვლილებებისგან, იმიჯის, სამუშაოს თუ პროფესიის შეცვლისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზულ დანაკარგებს ვერ ასცდებით.
თევზები – შეიძლება ითქვას, რომ ეს თქვენი წელიწადია, რადგან მნიშვნელოვნად მოიმატებს თქვენი იღბლიანობა და გამართლების ალბათობა. წლის პირველი ნახევარი საკმაოდ დატვირთული და ბობოქარი იქნება. მოგიწევთ ახალი პროექტების დაწყება და, უნდა გახსოვდეთ, რომ წარმატებას ძირითადად კოლექტიური შრომით მიაღწევთ. თუ ცხოვრება თქვენგან რისკს მოითხოვს, თამამად გარისკეთ, მით უმეტეს, რომ ამ პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცევით და მოგიწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. წლის მეორე ნახევარში უარი თქვით პრობლემების ძველი ხერხებით გადაჭრაზე და იდეების რეალიზაციისას ორიგინალურობა და ნოვატორულობა გამოავლინეთ. ამ პერიოდში გაიზრდება სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა, თუმცა სასურველია, ადამიანები შეაფასოთ როგორ გარეგნული, ისე შინაგანი სამყაროს მიხედვით, რათა არ მოტყუვდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში მოექცეთ სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ, რაც არც ისე დადებითად აისახება თქვენს მიზნების ასრულებაზე. ნუ იქნებით ეჭვიანი გარშემომყოფების მიმართ და წარმატებას უფრო იოლად მიაღწევთ.
No comments:
Post a Comment