1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 25, 2023

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

 /© რამაზ გიგაური/



ვერძი


 

თქვენთვის 2024 წელი მთლიანობაში დადებითად უნდა ჩაითვალოს. ეს იქნება შემოქმედებითი და სულიერი განვითარების პერიოდი. გაძლიერდებით და განვითარდებით როგორც მენტალურ და ემოციურ, ისე მატერიალურ დონეზე. იმ პროექტების უმეტესობა, რომლებიც გასული წლის მეორე ნახევარში დაიწყო, დამდეგი წლის მაისამდე წარმატებით განვითარდება ან დასრულდება. განსაკუთრებით ეს სამუშაო პროცესებს, კარიერას, ბიზნესს და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. შეძლებთ საკუთარი ნეგატიური თვისებების დამუშავებას და ახალი უნარების შეძენას. საკუთარ თავში ჩაღრმავებას და ახალი ტალანტების აღმოჩენას. წლის ყველაზე აქტიური პერიოდი მაისი და ივნისის პირველი დეკადა იქნება. ამ დროს იგრძნობთ ენერგიულობასა და ძალების მოზღვავებას, მოიმატებს თქვენი მიზანსწრაფვაც, რაც საშუალებას მოგცემთ ბევრი დაგროვებული პრობლემა გადაჭრათ, ძველი საქმეები დაასრულოთ და ახალი დაიწყოთ. საერთოდ, გაზაფხული (შემდგომ უკვე ზამთარი) - ეს ის დრო იქნება, როდესაც თქვენი ძალისხმევა აქტიურად და გაბედულად უნდა გამოავლინოთ, რადგან ის აუცილებლად დაფასდება. წლის მეორე ნახევარი დადებითი უფრო ურთიერთობებისთვის იქნება, განსაკუთრებით ეს პირად ცხოვრებას ეხება. თუ დაოჯახებას აპირებთ, ზაფხული და შემოდგომა ამისთვის სასიკეთო პერიოდია. ხოლო თუ დაოჯახებული ხართ, მაშინ ოჯახური ურთიერთობები დაალაგეთ და ჰარმონიაში მოიყვანეთ. ამ დროს იყავით ტაქტიანი და შეეცადეთ, კონფლიქტები არ გამოიწვიოთ. ეს კარგი დროა გაზაფხულზე წარმოშობილი გაუგებრობების გარკვევისთვის და შეთანხმების მიღწევისთვის. ამ პერიოდში ასევე მოიმატებს უცხოეთში მოგზაურობის, გართობის და დროის კარგად გატარების ალბათობაც. წლის ბოლოს ახალს ნურაფერს დაგეგმავთ, ეს დრო გამოიყენეთ წარსულის ანალიზისთვის და ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის.


კურო

2024 წლის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე პერიოდი საშუალებას მოგცემთ, წარმატებით გააგრძელოთ ის საკითხები, რომლებიც 2023 წლის გაზაფხულის შემდეგ დაიწყეთ. ამას შესაძლოა ახალი რეალობის ფორმირება ან განვითარების ახალ დონეზე გადასვლაც ვუწოდოთ. ეს იქნება არა მხოლოდ წვრილმანი, არამედ გლობალური საკითხებიც, რომლებსაც თქვენი ცხოვრების ვექტორის განსაზღვრაც კი შეუძლიათ. სასურველი იქნება თქვენს ოცნებებსა და მიზნებს გადახედოთ და მათთვის კონკრეტული და პრაგმატული გეგმები შეიმუშავოთ. მომავლის მიმართ ოპტიმისტურად იყავით განწყობილი და თუნდაც დროებითი წინაღობები ნუ შეგაშინებთ. ყურადღება მიაქციეთ გრძელვადიან პროექტებს, განსაკუთრებით სწავლასთან, პროფესიულ საქმიანობასთან, კარიერასთან, საქმიან კავშირებთან, უცხოეთთან და უცხოელებთან დაკავშირებულ საკითხებს. გაზაფხულის ბოლო და ზაფხული პირველი ნახევარი გახდება ის პერიოდი, როდესაც თქვენ კარგად დაინახავთ წარსულისგან რა ისწავლეთ, მომავლის მიმართ როგორი ხედვა ჩამოგიყალიბდათ და ამასთანავე, მიზნების მიღწევისთვის რა კონკრეტული გეგმები შეიმუშავეთ. ამ პერიოდში მოგიწევთ უფრო მეტი დრო დაუთმოთ მატერიალურ საკითხებს და მოგიწევთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. წლის მეორე ნახევარი არანაკლებად საინტერესო იქნება. მოსალოდნელია გაჩნდეს ბოლო 1-1,5 წლის განმავლობაში ფორმირებული იდეების რეალიზაციის ალბათობა. ეს შესაძლოა კავშირში იყოს სწავლასთან ან ხელოვნებასთან. ზაფხულში გააქტიურდება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები. მოიმატებს ქორწინების, ახალი რომანის ან თუნდაც ფარული სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა. ეს დრო ასევე გამოიყენეთ დასვენებისთვის და ფიზიკური ძალების აღდგენისთვის. შემოდგომის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, ფინანსური შემოსავლების ზრდისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის და ასევე ადრე შექმნილი კრიზისებისგან თავის დაღწევისთვის. წლის ბოლოს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და შეეცადეთ, არ გარისკოთ.


ტყუპები

დამდეგ წელს ენერგიულად დაიწყებთ და წლის პირველივე კვარტალში შეძლებთ არა მხოლოდ ადრე დამუხრუჭებული საკითხების ხელახალ გააქტიურებას, არამედ ახალი პროექტების დაწყებასაც. შეეცადეთ, ამ პერიოდში კონცენტრირებული და ორგანიზებული იყოთ. რაც მთავარია, გამოჰყავით პრიორიტეტული საკითხები და თქვენი დრო და ენერგია მათ დაუთმეთ. ასე უფრო იოლად წახვალთ წინ. ამ დროს ნუ იქნებით აჩქარებული და ნუ შეეცდებით ყველა საქმის ერთად კეთებას. გაზაფხულის მეორე ნახევარი სასიკეთო იქნება საქმიანი ინფორმაციის თუ ცოდნის მიღება-გადაცემისთვის, შეთანხმებების მიღწევისთვის, სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, ასევე ქორწინებისთვის ან პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის. ეს დრო ასევე გამოიყენეთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის და ასევე იმ ძველი პროექტების გადახედვისთვის, რომლებიც შესაძლოა წლის მეორე ნახევარში მიუბრუნდეთ. მაისის ბოლოდან დაიწყებთ ახალ, თორმეტწლიან ციკლს, აქედან გამომდინარე, მაქსიმალური ძალისხმევის გაღება მოგიწევთ, რომ ძლიერი ფუნდამენტი შექმნათ. ზაფხულის დასაწყისიდანვე იგრძნობთ აღმაფრენას და მოიმატებს იღბლიანობაც. თუ ამის წინაპირობა იქნება, სამსახურში მოითხოვეთ ხელფასის მომატება ან დაწინაურება. არ დაგავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა გაასაიდუმლოოთ და თქვენს მიზნებზე ხმამაღლა არ ისაუბროთ. ზაფხული კარგი დროა საერთაშორისო კავშირების დამყარებისთვის ან გაძლიერებისთვის, მოგზაურობისთვის, საბუთებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. შემოდგომით მიიღებთ იმას, რასაც მაის-ივნისში დათესავთ. ამ ორ პერიოდს ერთმანეთთან კარმული კავშირიც კი აქვთ. ამ პერიოდში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში გამაჯანსაღებელ პროცედურებსაც მიმართეთ. წლის ბოლოს მოგიწევთ ტემპის მომატება, რათა წარმატებით დაასრულოთ ან დაასტაბილუროთ მაინც ის პროექტები, რომლებიც 2024 წლის მეორე ნახევარში დაიწყეთ ან განავითარეთ.


კირჩხიბი

2024 წელი მთლიანობაში საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდება და ამ წელს განვითარებული მოვლენები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაგიყვანთ. წლის პირველი ნახევარი თქვენგან მოითხოვს საკუთარი წარსულის სწორად შეფასებას და შესაბამის ანალიზს. შეეცადეთ, ყველა ის ურთიერთობა თუ საკითხი, რომელიც მხოლოდ თქვენს რესურსებს ითხოვს და სანაცვლოდ არაფერს გაძლევთ, თუნდაც დროებით უკან გადასწიოთ. ეს უპირველესად გულისხმობს „ტოქსიკური“ ადამიანებისგან და არასაჭირო მოვალეობებისგან გათავისუფლებას. ასეთი მიდგომით უკვე გაზაფხულის მეორე ნახევარში გზას გაუხსნით საინტერესო პერსპექტივებს და ახალ ნაცნობობას. ამავე პერიოდში შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანები და ეს ურთიერთობები მეგობრობაშიც კი გადაიზარდოს. გააქტიურდება სამსახურებრივი ცვლილებებიც ან ახალ პროექტებში აღმოჩნდებით ჩართული. თუ დაგჭირდეთ, დაიხმარეთ არა მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები, არამედ რჩევები კონსულტანტებისგანაც მიიღეთ. ზაფხულში თქვენს მეტ ყურადღებას შინაგანი პროცესები მოითხოვს. მოგიწევთ ფსიქოლოგიურად გაძლიერება და რაც მთავარია, ემოციების მართვის სწავლა. ეს საშუალებას მოგცემთ წარმატებით გაართვათ თავი როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებს. შემოდგომის პირველ ნახევარში მოიმატებს კარიერული წინსვლის და ფინანსური შემოსავლების ზრდის ალბათობა. ეს კარგი დროა ვალების გასტუმრებისთვის, ფინანსური დაბანდებისთვის, კომერციული გარიგებებისთვის და ახალი შენაძენებისთვის (მათ შორის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის). მოგიწევთ სწავლა, ახალი ცოდნის შეძენა და კვალიფიკაციის ამაღლება. შემოდგომის მეორე ნახევარი და ზამთარი კარგი დროა მოგზაურობისთვის, ახალი გამოცდილების შეძენისთვის, ჯანმრთელობის გამყარებისთვის, დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის. წლის ბოლოს გადახედეთ თქვენს საქმიან კავშირებს, სამსახურებრივ ურთიერთობებს და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელებისაც ნუ შეგეშინდებათ.


ლომი

2024 წელის აქტიურად და ენერგიულად დაიწყებთ. პირველივე კვარტალში მოგიწევთ საინტერესო შეხვედრები, მოლაპარაკებები და შესაძლოა გარკვეულ შეთანხმებებსაც მიაღწიოთ. ამ დროს ბევრი რამ თქვენს კომუნიკაბელურობაზე იქნება დამოკიდებული. ამ პერიოდში ჩამოყალიბდება სწორედ ის პროექტები და კავშირები, რომლებიც უახლოეს სამწლიან პერიოდზე მოახდენს გავლენას. წლის პირველ ნახევარში თქვენს ადრე დასახულ მიზნებს კრიტიკული თვალით შეხედეთ და საჭიროების შემთხვევაში მათში გარკვეული ცვლილებებიც შეიტანეთ. თუ გაზაფხულზე პრიორიტეტებს სწორად დასახავთ და სამსახურებრივ თუ კარიერულ საკითხებთან მიმართებაში უშეცდომოდ იმოქმედებთ, წარმატებებს აუცილებლად მიაღწევთ. თუმცა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ზომიერად დაიკისრეთ და ამ კუთხით არ გადააჭარბოთ. ზომიერი იყავით სხვების დახმარების კუთხითაც. გაჩნდება იმის საშიშროება, რომ სხვებზე ზრუნვის გამო, თქვენი საქმეები უკან დარჩეს. წლის მეორე ნახევარში თქვენი ის იმედები, რომლებიც კოლექტიურ საქმიანობას და მეგობრულ ურთიერთობებს უკავშირდება, გამართლდება. ასე რომ, ზაფხულში და შემოდგომით ნაკლებად ფორმალური იყავით და ნურც ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას მოინდომებთ. უპირატესობა პარტნიორულ საქმიანობას მიანიჭეთ. ეს ცვლილებების პერიოდი იქნება, რომელიც შესაძლოა დაუკავშირდეს სამსახურს, რომელიმე ორგანიზაციასთან ან კომპანიასთან თანამშრომლობას. ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომის დასაწყისში მაქსიმალურად გაუფრთხილდით ფინანსებს (განსაკუთრებით ეს კრედიტების ან ნებისმიერი, სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებებს ეხება). თუ აუცილებლობა არ იქნება, მოერიდეთ ვალების აღებას. საქმეში ფული გამოცდილ ადამიანებთან შეთანხმების შემდეგ დააბანდეთ. შემოდგომის მეორე ნახევარში სასიყვარულო ურთიერთობები მეტ სინათლეს და მკაფიოობას მოითხოვს. ამ კუთხით არასწორი ნაბიჯების გადადგმას, მოსალოდნელია მთელი რიგი გართულებები მოჰყვეს. ამიტომ ადამიანი ჯერ კარგად გაიცანით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეთ.


ქალწული

თქვენთვის 2024 წლის ძირითადი ხაზი საქმიანი თუ სასიყვარულო სფეროში პარტნიორული ურთიერთობების მართვა და განვითარება იქნება. სწორედ ამ მიმართულებით გაჩნდება ახალი გამოწვევები, წინაღობები და ასევე წარმატების შანსიც. წლის პირველი ნახევარი დადებითი იქნება. ამ პერიოდში აქტიურად და რაც მთავარია წარმატებულად გააგრძელებთ შარშან დაწყებულ პროექტებს და დიდი ალბათობით თქვენს იდეებსაც განახორციელებთ. ეს განსაკუთრებით ეხება სწავლა-განათლებას, ახალი ცოდნის მიღებას, თქვენს თავში გარკვეულ იდეოლოგიის ფორმირებას, რომელიც შეიძლება საინტერესოდ გამოვლინდეს პოლიტიკური, რელიგიური, ფსიქოლოგიური ან სოციოლოგიური კუთხით. ეს კარგი დროა უცხოეთში მოგზაურობისთვის ან უცხოეთთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განვითარებისთვის. ამის ალბათობა განსაკუთრებით მაღალი იქნება გაზაფხულზე, მითუმეტეს, რომ სწორედ ამ დროს გაფართოვდება თქვენი პერსპექტივები და მომავალსაც უფრო ნათლად დაინახავთ. ზაფხულის პირველ ნახევარში სასურველია მეტი დაისვენოთ და ადრე დაწყებული ან გადადებული მოკლევადიანი საქმეები დაასრულოთ. ამ პერიოდში ასევე საშუალება მოგეცემათ გაისტუმროთ ვალები, გაარკვიოთ პრობლემური ურთიერთობები და მოაგვაროთ იურიდიული დავა. ზაფხულის მეორე ნახევარს ენერგიულად გაივლით. ბევრ პერსპექტივას თუ პრობლემას განსხვავებულად დაინახავთ. მითუმეტეს, რომ ის შინაგანი შფოთვა თუ შიშის განცდა, რაც ადრე გაწუხდებათ, სრულად მოიხსნება. მოგეცემათ გავლენის გაფართოვების და ავტორიტეტის ზრდის შესაძლებლობა. შემოდგომა დაუკავშირდება პირად ცხოვრებაში ახალ იმპულსების შემოსვლას. ძველი ურთიერთობები განვითარდება ან შესაძლოა სრულიად ახალი ურთიერთობაც დაიწყოს. ეს კარგი დროა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების, ასევე ახალი საერთაშორისო (განსაკუთრებით შემოქმედებითი) პროექტების დაწყებისთვის. წლის ბოლო სასიკეთო იქნება ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის, შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებისთვის ან ახალი ცოდნის მიღებისთვის.

სასწორი

2024 წლის დასაწყისი უკვე მიღწეული შედეგების გაანალიზებისთვის და მომავლის დაგეგმვისთვის გამოიყენეთ. ამ პერიოდში გაგიჭირდებათ ყველაფრის ერთად თავის გართმევა. ამიტომ ყურადღება ძირითად საკითხებზე გაამახვილეთ. მოაწესრიგეთ, დაარეგულირეთ და მართეთ როგორც თქვენს შინაგანი განწყობა, ისე თქვენს გარშემო მიმდინარე პროცესები. წინსვლის და წარმატების რეალური შესაძლებლობა მხოლოდ გაზაფხულის დასაწყისიდან გაჩნდება. ეს იქნება არსებული სიტუაციის ახლებურად დანახვის, მომავლის სწორად დაგეგმვის და რეორგანიზების პერიოდიც. ეს კარგი დროა კრედიტებთან, ფინანსურ ვალდებულებებთან, ბიზნესთან, დივიდენდებთან, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. არ არის გამორიცხული სწორედ ამ დროს გაგიჩნდეთ იმიჯის შეცვლის სურვილიც. ამ პერიოდში არ შეგეშინდეთ ცვლილებების განხორციელების და გადამწყვეტ ვითარებაში გაბედულად იმოქმედეთ. გაზაფხულის მეორე ნახევარი და ზაფხულის დასაწყისი სასიკეთო იქნება პირადი ცხოვრების დალაგებისთვის, ქორწინებისთვის ან სულაც არასასურველი ურთიერთობიდან თავის დაღწევისთვის. ეს კარგი დროა მოგზაურობისთვის, ადგილების მონახულებისთვის შემეცნებისთვის და საინტერესო თავგადასავლებისთვის. წლის მეორე ნახევარში უპირატესობა ერთობლივ საქმიანობას მიანიჭეთ. ასევე ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანების რჩევებს. ეს გარკვეულწილად არასწორი გადაწყვეტილების მიღებისგან გიხსნით. ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომა საკმაოდ დადებითი გამოდგება. ეს დაუკავშირდება ახალი, დადებითი ემოციების მიღებას. გააფართოვებთ პირად ჰორიზონტს, აითვისებთ ახალ სივრცეებს და ბევრი რამ, რაც ადრე სარისკოდ გეჩვენებოდათ, შედარებით კომფორტული და ჰარმონიული გახდება. ამავე პერიოდში მოიმატებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღების ალბათობა. შესაძლოა მოგიწიოთ საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაც. წლის ბოლოს შეეცადეთ დაისვენოთ, ენერგია აღიდგინოთ და ემოციურად განიტვირთოთ. თუმცა მომავალი წლის დაგეგმვაც არ დაგავიწყდეთ.

მორიელი

იმ საქმიანი ურთიერთობების უმეტესობა, რომლებიც გასულ წელს დაიწყეთ, 2024 წელს წარმატებულად განვითარდება. ბევრი ახალი ნაცნობი საინტერესო კუთხით გამოავლენს თავს და შესაძლოა ახალი მოკავშირეები ან მეგობრებიც კი შეიძინოთ. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება წლის პირველი ნახევარში, როდესაც მოგიწევთ პარტნიორებთან ერთად ახალ პროექტებში ჩართვა. წარმატებას მოიტანს ერთობლივი საქმიანობა. თუ დასაოჯახებელი ხართ, მიმდინარე წელს სასიყვარულო პარტნიორის მოძიებისთვის, ახალი რომანის დაწყებისთვის ან თუნდაც ქორწინებისთვის, ამაზე კარგ პერიოდს ვერ ნახავთ. გაზაფხულის მეორე ნახევარი სასიკეთო იქნება სამსახურებრივი ცვლილებისთვის, ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურებისთვის, კარიერული წინსვლისთვის, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის. მთავარი იქნება, რომ წლის პირველი ნახევარში საკუთარ ეჭვებს გაუმკლავდეთ და ემოციური სისტემა მართოთ, კონკრეტულად კი ყოველივე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ უსაფუძვლო შფოთვას არ აჰყვეთ ხოლმე. ზაფხულის პირველ ნახევარში გაძლიერდება აგრესიული ფონი, რაც შექმნის კონფლიქტურ სიტუაციებს. მოსალოდნელია საფრთხე დაემუქროს იმ პირად, თუ საქმიან კავშირებს, რომლებიც დამუხრუჭებულია და ვეღარ ვითარდება. ამ პერიოდში ნუ შეხვალთ მოშურნეებთან თუ ოპონენტებთან კონფრონტაციაში. ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომაზე მდგომარეობა გამოსწორდება და შეძლებთ არა მხოლოდ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას, არამედ ახალი პერსპექტივების შექმნასა და გამოყენებას. უფრო მეტიც, სწორედ ამ პერიოდიდან მოიტანს წარმატებასა და ფინანსურ შემოსავლებს ის კავშირები, რომლებიც წლის პირველ ნახევარში განავითარეთ. გარდა ამისა, ეს ასევე კარგი დროა პირად ცხოვრებასთან, ბავშვებთან და ასევე შემოქმედებით პროექტებთან (იგივე, ხელოვნებასთან) დაკავშირებული საკითხების წამოჭრისთვის და განვითარებისთვის. წლის ბოლოს გაგიჩნდებათ გადადებული საქმეების დასრულების ან თქვენთვის ბუნდოვან სიტუაციებში გარკვევის კარგი შესაძლებლობა.


მშვილდოსანი

2024 წლისთვის დამახასიათებელი იქნება მაღალი დინამიკა და ამას წლის დასაწყისიდანვე იგრძნობთ. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს სამსახურებრივ ცვლილებასთან, სამუშაო გარემოს განვითარებასთან, ასევე ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან და ფიზიკური ფორმის განვითარება-გაძლიერებასთან. აქედან გამომდინარე, თუ სამსახურში ხელფასის მომატების მოთხოვნას, ან თუნდაც საქმიანობის სფეროს შეცვლას აპირებთ, წლის პირველი კვარტალი გამოიყენეთ. მთავარია, რომ შეძლოთ ყველაფრის ორგანიზება და წვრილმან საკითხებსაც კი აკურატულად და დისციპლინირებულად მიუდგეთ. გაზაფხულის პირველ ნახევარში მოიმატებს წარმატების მიღწევის ალბათობა, განსაკუთრებით თუ საქმიანობა უცხოეთს, საერთაშორისო ურთიერთობებს, ცოდნის მიღება-გადაცემას, ასევე სპორტს ან ძალოვან სამსახურებს უკავშირდება. გაზაფხულის მეორე ნახევარში შესაძლოა მოახერხოთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ან საერთოდ, ეს საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი იყოს. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება მშობლებთან და საერთოდ, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ურთიერთობების განვითარებაც. წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით, ზაფხულის მეორე ნახევარში შეეცადეთ საკუთარ რესურსები კარგად და მოგებიანად გამოიყენოთ. ეს ეხება როგორც ენერგიას, ისე ფინანსებსა და დროს. ნუ დაიკისრებთ თქვენს თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ნუ დაიწყებთ მასშტაბურ პროექტებს მათი საფუძვლიანი მომზადების გარეშე. ამ პერიოდში საინტერესო იქნება სოციალური პროექტები, ასევე მოგზაურობასთან, სწავლასთან და საერთაშორისო პროექტებთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურება. განსაკუთრებულ ყურადღებას შემოდგომა ითხოვს. ამ პერიოდში ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად წაიწიეთ წინ. ამ პერიოდში წამოჭრილი პრობლემები აუცილებლად გადაჭერით, რადგან მომავალში მათი მოგვარება უფრო გართულდება. ეს კარგი დროა ახალი ან თუნდაც დამატებითი სამსახურის მოძიებისთვის და ფინანსური შემოსავლების გაზრდისთვის. წლის ბოლოს დაასრულეთ გადადებული საქმეები და მათ, მომდევნო 2025 წელში ნუ გადაიტანთ.

თხის რქა

2024 წელი და განსაკუთრებითი მისი პირველი კვარტალი თქვენთვის გარდამავალი ეტაპი აღმოჩნდება. ამ პერიოდში ბევრი არაფრის მომტანი ურთიერთობისგან თუ ზედმეტი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას შეძლებთ. ეს საშუალებას მოგცემთ გამოთავისუფლებული დრო და ენერგია ახალი მიზნების დასახვასა და მათ მიღწევას მოახმაროთ. თქვენი მუშაობის გრაფიკი და ცხოვრების რეჟიმი საკმაოდ აქტიური იქნება გაზაფხულზეც. ამ პერიოდში მოგიწევთ ბევრი დაგროვილი საკითხის მოგვარება როგორც თქვენს, ისე ოჯახის წევრების ცხოვრებაში. თქვენი მხრიდან გაწეული ძალისხმევა და რთული საკითხების მიმართ ორგანიზებული მიდგომები უახლოეს გარემოცვაში თქვენს ავტორიტეტულობას გაზრდის, სამსახურში კი ეს საშუალებას მოგცემთ ახლებურად წარმოაჩინოთ თქვენი ტალანტი. რაც ბუნებრივია, ეს ხელმძღვანელობას ყურადღების მიღმა არ დარჩება და შესაბამის ანაზღაურებასაც მიიღებთ. წლის მეორე ნახევარი ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი, მაგრამ მაინც სტაბილური იქნება. ზაფხულის პირველი ნახევარი დაგეხმარებათ წარსული გააანალიზოთ, დაისვენოთ და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ. ეს კარგი დროა ვარჯისთვის და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომაზე სერიოზული ცვლილებების განხორციელება მოგიწევთ (ეს უფრო საქმიან სფეროს, სამსახურსა და ბიზნესს ეხება). ამ პერიოდში თუ გარშემო მყოფებთან მიმართებაში საკუთარი თავის და უნარების დაფასებას ისწავლით, ეს თქვენს ფინანსურ შემოსავლებზე და საერთოდ, ცხოვრების ხარისხზე სასიკეთოდ აისახება. შეეცადეთ, დრო და ენერგია არაფრისმომტან ურთიერთობებზე და საქმეებზე არ გაფლანგოთ. მეოთხე კვარტალი მთლიანობაში სასიკეთო აღმოჩნდება. მოიმატებს თქვენი თავისუფლების განცდა და ბევრ დადებით ემოციას მიიღებთ, რომელიც დაკავშირებული იქნება ოჯახურ ცხოვრებასთან, სასიყვარულო სფეროსთან და უძრავ ქონებასთან. ამ დროს იყავით მოსიყვარულე და პარტნიორის მიმართ ემოციები გაბედულად გამოავლინეთ.


მერწყული

2024 წელს მოგიწევთ ბევრი ძირეული ცვლილების განხორციელება. შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი გარკვეულ ტრანსფორმაციას მოგიტანთ (ეს გამოვლინდება, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ დონეზე). ის, რასაც აქამდე ითმენდით ან ყურადღებას არ აქცევდით, კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს და დაიწყებთ ამ ყველაფრის შეცვლას. წლის პირველი ნახევარშივე შეძლებთ სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას. განსაკუთრებით ეს ეხება ურთიერთობებს, სწავლას, სამსახურს და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას (ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები). წლის დასაწყისიდან გაზაფხულის ბოლომდე პერიოდი დაუკავშირდება იმ გეგმების ორგანიზებას, სისტემატიზაციას და მატერიალიზაციას, რომლებიც გასულ წლის ბოლოს ჩაიფიქრეთ. მნიშვნელოვანი იქნება მეგობრების და ერთგული ადამიანების მხრიდან გაწეული ძალისხმევა, ამიტომ შემოთავაზებულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. შეეცადეთ ამ პერიოდში ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ (განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ნერვულ სისტემას). წლის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი და სტაბილური გამოდგება. მითუმეტეს, რომ ზაფხულის დასაწყისიდანვე იგრძნობთ იღბლიანობის გაძლიერებას და შესაძლოა ცხოვრების გარკვეული კონფიგურაციები თქვენდა სასარგებლოდ დალაგდეს. ზაფხულის ბოლოს მოერიდეთ საეჭვო ფინანსურ ოპერაციებს და სარისკო საქმეების დაწყებას. ეს დრო დასვენებისთვის და სიმშვიდის მოპოვებისთვის გამოიყენეთ. შემოდგომის პირველ ნახევარში ყურადღება მიაქციეთ შემოსავლებსა და გასავლებს. გონივრულად მართეთ კრედიტებთან და ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები. ამ პერიოდში თუ დაგჭირდებათ, დახმარება გაბედულად ითხოვეთ. შემოდგომის მეორე ნახევარი და ზამთრის დასაწყისი სასიკეთო იქნება პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსების შეტანისთვის, ქორწინებისთვის, პრობლემური ურთიერთობისგან თავის დაღწევისთვის, ასევე ბავშვებთან დაკავშირებული პოზიტიური ცვლილებებისთვის. წლის ბოლოს გადახედეთ განვლილ ნაბიჯებს და შეეცადეთ არა მხოლოდ ობიექტურად შეაფასოთ და შეაჯამოთ თქვენს მიერ მიღწეული შედეგები, არამედ დასახოთ ახალი მიზნებიც.

თევზები

2024 წელი იმ სამწლიანი პერიოდის პიკი იქნება, რომელი შარშან გაზაფხულზე დაიწყო. ამ წელს მოგიწევთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების, პროექტების, პერსპექტივებისა და პრობლემების ყურადღებით შესწავლა, ანალიზი, სწორი დასკვნების გამოტანა და რაც მთავარია, საფუძვლიანი დალაგება. წლის პირველი ნახევრის მთავარი გზავნილი იქნება: მკაფიოობა და კონკრეტულობა! თუ იქნებით ბუნდოვანი და აბსტრაქტული, მოსალოდნელია არასასიამოვნო სიტუაციებში არც თუ იშვიათად აღმოჩნდეთ. შეეცადეთ, რომ გაზაფხულზევე დაალაგოთ ურთიერთობები ნათესავებთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან და იმ ადამიანებთან, ვისაც ხშირად ხვდებით. მოიცილეთ პარაზიტი და მანიპულატორი ადამიანები. ეს ეხება ნეგატიურ ინფორმაციასაც - ისწავლეთ მისი თავიდან არიდება. გარდა ამისა, გაასაიდუმლოეთ მიზნები და შეეცადეთ, თქვენს გეგმებზე ხმამაღლა არ ისაუბროთ. საქმიან ცხოვრებაში და სამსახურში მხოლოდ ორგანიზებული და დისციპლინირებული მოქმედებებით მიაღწევთ წარმატებას. წლის მეორე ნახევარი იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საინტერესო და წარმატებული, თუ შექმნილ კრიზისებს პრაქტიკულ გასაღებს მოუძებნით. თეორიული მსჯელობით წინ ვერ წახვალთ, ამიტომ იყავით პრაგმატული და კონკრეტული. პრიორიტეტებში მოაქციეთ ის საკითხები, რომლებიც თქვენს კარიერულ წარმატებას, ფინანსურ შემოსავლებს და ოჯახურ ჰარმონიას უზრუნველყოფენ. ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომის პირველ ნახევარში წინსვლა გელით, თუ თქვენი საქმიანობა მუსიკას, კინოს, თეატრს ან ლიტერატურას უკავშირდება. ეს პერიოდი ასევე სასიკეთო იქნება მოგზაურობისთვის, საქმიანი შეთანხმებებისთვის და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. თუმცა ამავე პერიოდში თქვენი წარსული მოქმედებები თქვენგან გარკვეულ კორექციას მოითხოვს. ამიტომ ის ძველი შეცდომები გამოასწორეთ. მეოთხე კვარტალში დასტაბილურდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ხოლო უძრავ ქონებასთან და დაოჯახებასთან დაკავშირებული საკითხები თქვენდა სასარგებლოდ განვითარდება.

No comments:

Post a Comment